ახალგაზრდობის სააგენტოს ხედვა:

გრძელვადიანი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთ­რებულ ფასეულობას წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო, ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც ინდივიდების და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების, განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას, რაც ხელს შეუწყობს თითოეულის პოტენციალის სრულად რეალიზებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის განვითარების პროცესებში აქტიურ მონაწილეობას.

სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის გზით ორგანიზაციების გაძლიერება და ახალგაზრდების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სააგენტო “განვითარების ფონდის” მეშვეობით ახორციელებს საგრანტო კონკურსს.